საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
08 აპრილი 2022
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში უმსხვილეს პროექტს ახორციელებს - საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი.
პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა და ის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი რუსთავის მცხოვრებლებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან რუსთაველები მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას დიდი ხანია, ითხოვენ.
ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ - კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.
შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს: გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდება. ტერიტორია გამწვანდება.
მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.