საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 დეკემბერი 2021
1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც.
სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები გამოცხადებულია სკოლებში.
ამასთან, საბჭომ იმსჯელა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როგორც ცნობილია, 20 დეკემბერს ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“, რასთან დაკავშირებითაც საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა. „ომიკრონის“ გავრცელებით გამოწვეული ახალი გარემოებების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია დამატებითი შემსუბუქების ღონისძიებებზე გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ღამის კლუბების გახსნა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების აუცილებლობა არ დადგეს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულება შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 916 477 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 869 411 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 001 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5 488 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.