საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
25 დეკემბერი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ტაბატაძე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს, დეტალური ინფორმაცია გააცნეს განხორციელებული მასშტაბური მონიტორინგის შესახებ, რომლის საფუძველზეც საწარმოებში შესაბამისი სანქციები უკვე გატარდა. საუბარი შეეხო დაგეგმილ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში არსებული სამრეწველო საწარმოების მსგავსი მასშტაბის მონიტორინგი არ ჩატარებულა.
,,წელს პირველად, სამინისტრომ განახორციელა მასშტაბური შემოწმება, რომლის მიზანი, საწარმოებში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიიღება იყო. სამომავლოდ, აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საწარმოებს დაუწესდებათ კონკრეტული მოთხოვნები, რაც სავალდებულო იქნება შესასრულებლად. ეს მოგვცემს საშუალებას, საწარმოთა კონკრეტული ქმედებების გატარებით, ეტაპობრივად გამოსწორდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა”-განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან.
,,განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, რომლის განხორციელების შედეგად, უახლოეს მომავალში, მოსახლეობა ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით, გარკვეულ უკეთესობას იგრძნობს. უპირობოა, რომ მკვეთრად დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საწარმოო ზონა დაცული და ბუფერით გამოყოფილი უნდა იყოს დასახლებიდან. ასევე, განსაზღვრულია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, იმ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, რომლებიც აბსოლუტურად საქმიანად და სწორი მიმართულებებით, არამარტო აკონტროლებენ მდგომარეობას, არამედ, თვითონვე ეძებენ პრობლემის დაძლევის გზებს და საშუალებებს. გაზაფხულის საპარლამენტო სესიებზე, უკვე საკანონმდებლო კუთხით გვექნება გარკვეული რეგულაციები მიღებული, რომ რისკების ნულამდე დაყვანის მიზნით, ძველ საწარმოებთან დაინერგოს უფრო ეფექტური კონტროლი, ახალი საწარმოო სივრცეების განვითარება კი შესაბამისი თანამედროვე სტანდარტებით მოხდეს.“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.