საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
10 ივლისი 2021
საქართველო-სომხეთის საზღვართან, ახალი, „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო.
სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე დებედაზე, მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ამავე ბანკის ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვინდაძემ და ორი ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს.
„მეგობრობის ხიდის“ ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი - სომხეთის. მშენებლობას ორი ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანანსებს. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - EBRD-ის კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს - საქართველო. თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, შემცირდება გადაადგილების დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.
„რა თქმა უნდა, მასშტაბური პროექტი ყოველთვის სავსეა სირთულეებით და თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, კიდევ უფრო დასაფასებელია სომხური მხარის ძალისხმევა და წვლილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურული კუთხით მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებთ, ვცდილობთ გზებზე გამტარობა და უსაფრთხოება იყოს შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოფილი.
დაწყებულია რამდენიმე ახალი ხიდის მშენებლობა, გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე შემუშავებულია რუსთავი-ალგეთი-არაფლო-სადახლოს გზის 50 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. “ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
„ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სატვირთო გადაზიდვების განვითარება და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა“, - განცხადა სურენ პაპიკიანმა.
კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის, კატერინა ჰანსენის თქმით, დიდია ამ პროექტის ეკონომიკური სარგებელი, რადგან კარგად ფუნციონირებადი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ხელს შეუწყობს ტურიზმის და შესაბამისად, ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.
აღსანიშნავია, რომ სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან მდებარე 1960-იან წლებში აშენებული ვიწრო ხიდი, რომელიც ამორტიზებულია, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შენარჩუნდება, გამაგრდება და ალტერნატიული გზის ფუნქციას შეასრულებს.