სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

26 ოქტომბერი 2020


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში ჩართვის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გადამზადდებიან, - შესაბამისი დავალება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სპეციალურ კურსს გაივლიან, რათა სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი შეიქმნას. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადება უახლოეს დღეებში დასრულდება და ერთ კვირაში ისინი მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარონ.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ფიქსირდება სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც მნიშვნელოვანია, არსებობდეს ე.წ სარეზერვო ბაზა, რათა სერვისების მიწოდებაში, მათ შორის სატელეფონო კონსულტაციების კუთხით ხარვეზები არ იყოს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შენარჩუნდება. განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ქვეყნის სტრატეგია, რომელიც ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, სისტემური შეზღუდვების ნაცვლად, წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენებას გულისხმობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური ბალანსის დაცვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და მეორეს მხრივ ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანის მიყენებას შორის, რაც ქვეყანას სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საშუალებას მისცემს.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვირუსის გავრცელების შენელების პროცესში. აღინიშნა, რომ დადგენილი წესების 90%-ით შესრულების პირობებში, რომელიც მათ შორის პირბადის სწორად გამოყენებას მოიცავს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით იქ, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად - გაჩერებებზე, თუ რიგებში დგომისას.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ მუშაობაზე. აღინიშნა, რომ მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან, რაც კომუნიკაციის პროცესში არსებულ გარკვეულ ხარვეზებს ეტაპობრივად აღმოფხვრის.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი როგორც ამომრჩევლის, ისე დამკვირვებლების უსაფრთხოება. ამასთან, როგორც ცნობილია, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია, არჩევნებისთვის მოსამზადებელი და შემდგომი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან, სავარაუდოდ ერთი კვირით, დროებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებზეც.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 303 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 11 370 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 215 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 769 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 249 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 832 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 


  • უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა