საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
04 ოქტომბერი 2019
საპენსიო ასაკის პედაგოგების გაცილება მარნეულის #6 საჯარო სკოლიდან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის #6 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან ფულადი ჯილდო მიიღეს, მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალურად მათთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
,,ჩვენ ვართ განათლების ძალიან მასშტაბური რეფორმის ეტაპზე და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ჩვენი დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგების მატერიალური უზრუნველყოფაა. დღეს, მარნეულის #6 საჯარო სკოლა, რომელიც გამორჩეული ტრადიციებით, ბრწყინვალე პედაგოგიური კოლექტივით და მოსწავლე ახალგაზრდობით ხასიათდება 7-მა პედაგოგმა დატოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგების ღირსეული გაცილება, რომლებმაც ახალი ინიციატივის ფარგლებში, ორი წლის ჯამური ხელფასი და მათი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს“ -აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბრიდან, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, იმ პედაგოგებს, რომლებსაც აქვთ უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, ანაზღაურება მინიმუმ 150 ლარით გაეზარდათ. 2020 წელს პედაგოგის ხელფასი კიდევ 150 ლარით გაიზრდება. პროცესი ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის მათი საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარს გაუტოლდება.