საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
08 აგვისტო 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე კახა კობერიძესთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეების საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდნენ, რომელიც 2008 წლის საომარი მოქმედებებისას გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით, საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აშენდა.
შოთა რეხვიაშვილმა, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მშობლებს, გმირი შვილების აღზრდისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, სხვადასხვა სახის თემატური ღონისძიებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.