საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
07 დეკემბერი 2018
საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.
„მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა. საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება და სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება.
„ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობს ადგილებზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„რა თქმა უნდა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისათვის. ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილებზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები წლიდან წლამდე იზრდება და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იქნება 2019 წლის ბიუჯეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი.
„მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში საერობო-თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია, რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და რაც მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისი ინიციატივითაც შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პლატფორმა. ეს ფორუმი საშუალებას იძლევა, გვქონდეს ერთგვარი საკონსულტაციო მექანიზმი, სადაც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობებმა დასვან კითხვები, მიიღონ მათზე პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება, დასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბოთ ის მოდელები, რომლებიც გვჭირდება დღეს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა, ადამ შმიდტმა და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, გიგი ბრეგაძემ მიმართეს.
ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ.