სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოფელი კლდეისი

17 აგვისტო 2017


ხორხები: საყინულე და მეგალითური ნაგებობა
 
 სოფელ პატარა კლდეისის ადგილზე XVIII საუკუნეში მდებარეობდა სოფელი ხორხები, რომელიც მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში და აღნიშნულია რუკებში. ადგილი აგებულია ზედაპლიოცენური დოლერიტული ლავებით.სახელოვანი ქართველი მეცნიერი აღწერს ამ მიდამოებში მდებარე ყინულოვან მღვიმეს: "ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ; მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდვენ ზაფხულს მეფისათვის". 
ხორხების ყინულოვანი მღვიმე დღესაც არსებობს. იგი მდებარეობს ბედენის პლატოს სამხრულ შვერილზე, მდ. კლდეისის წყლის ორ მდგენელს შორის. ლავური ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელები, რომელშიც ადამიანს შეუძლია ჩაძრომა. ხვრელები ლავაში გაჩენილა ტექტონიკური ან გრავიაციული პროცესების შედეგად. ერთ-ერთი მათგანი 12 მ. სიღრმის მქონე საფეხურებიანი შახტია, რომლის ფსკერზეც ზაფხულობით შეიძლება ბროლივით გამჭვირვალე ყინულის ნახვა. ყინული სხვა ხვრელებშიც ჩნდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყინული განსაკუთრებით უხვად წარმოიშვება ცხელ ზაფხულში. ვახუშტის ეპოქასთან შედარებით, ამჟამად ყინული აქ ნაკლები რაოდენობით არის. იქვე შემონახულია დიდრონი ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღრუე, რომელიც, ალბათ, საიდუმლო სალოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს. 
მისასვლელი: თეთრიწყარო-ხრამჰესის გზიდან ხორხებამდე მანძილი უდრის 7 კმ.  ავტომობილი მიდის სოფ. პატარა კლდეისის მისადგომებამდე. სწორედ ამ სოფელთან არის ჩანჩქერი, რომელთანაც მდებარეობს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ აღწერილი ყინულის გამოქვაბული ზამთარში წყლითა და ზაფხულში ყინულით. თქმულების მიხედვით აქ ნადირობდა თამარ მეფე. ნადირობისას კლდეს ისარი შეერჭო და სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს - "კლდეისი".