სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მანგლისი, მანგლისის სიონი, დასასვენებელი წიწვოვანი პარკი

17 აგვისტო 2017


ისტორიულ წყაროებში დაცული ცნობები მოწმობს, რომ მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, ესეიგი IV საუკუნის ოცდაათიან წლებში, ერთ–ერთი პირველი ტაძარი სწორედ მანგლისში აიგო. ლეონტი მროველის ცნობით IV საუკუნის პირველ ნახევარში მანგლისი ქალაქია და თბილისთან, უჯარმასთან, ბოლნისთან და რუსთავთან ერთად ქართლის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. ამ გარმოებამ განაპირობა ის, რომ როდესაც საქართველოს მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და კონსტანტინე კეისარმა მისი თხოვნის თანახმად მის მოციქულს ეპისკოპოსს იოვანეს წმინდა რელიქვიები გამოატანა და აგრეთვე დიდძალი განძი, მან მცხეთაში მისვლამდე გზაზე ჯერ ერუშეთს და წუნდას დაუტოვა რელიქვიების ნაწილი და განძი ეკლესიების ასაშნებლად, ხოლო იქიდან `წარმოვიედა და მოვიდა მანგლისს და იწყო ეკლესიასა შენება; და დაუტევნა ფიცარი იგი უფლისანი~. იმის შესახებ, რომ მანგლისში ერთ-ერთი პირველი ქვის ეკლესია იქნა აგებული, სადაც ქრისტიანობის უწმინდესი განძი, ქრისტე ჯვრის ნაწილები ყოფილა დაცული, X საუკუნის ისტორიკოსი არსენი კათალიკოსიც მოგვითხრობს თავის შრომაში `ცხოვრება წმინდა ნინოსი~. ამ ცნობას ისიც ადასტურებს, რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის მიერ დაარსებულ 12 საეპისკოპოსოს შორის მანგლისი რიგით მეოთხეა დასახელებული. იმას, რომ მანგლისი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საეპისკოპოსო კათედრა იყო ადასტურებს მრავალი ისტორიული წყარო. VI საუკუნეში მანგლისის ტაძარი იმდენად სახელგანთქმული ყოფილა, რომ მის კარზე სალოცავად საქართველოს საზღვრებს გარედანაც მოდიოდნენ.
     ისტორიული წყაროები მანგლისის შესახებ XI საუკუნის პირველ მეოთხედამდე ანუ გიორგი I-ის (1014-1027წწ) მეფობის ხანამდე დუმან. სწორედ ამ დროს რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა. თავდაპირველი, V საუკუნის ნაგებობის აღმოსავლეთ მხარეს წინ წაიწია საკურთხევლის აფსიდამ, აქეთ-იქიდან მიემატა საკურთხევლის დამხმარე სათავსოები, სამკვეთლო და სადიაკვნე. მიუშენდა სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები, დაედგა ახალი გუმბათი, შენობა მთლიანად ახალი ქვის პერანგში ჩაისვა, ხოლო ექსტერიერი ეპოქის შესაბამისად მოჩუქურთმდა, მოიხატა ინტერიერი. მანგლისის სიონმა საბოლოო ცვლილებები (რომლებითაც დღემდე მოაღწია) განიცადა XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარქოს ისიდორეს ინიციატივითა და ადგილობრივი რუსული პოლკის ოფიცრების მცდელობით. ჯერ ლეკების თავდასხმებით, შემდეგ კი აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობის შედეგად დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. მართალია ამის შემდეგ წირვა-ლოცვა აღდგა, მაგრამ ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა


  • მანგლისი, მანგლისის სიონი, დასასვენებელი წიწვოვანი პარკი