სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი

29 დეკემბერი 2018


  • 2018 წელს რეგიონში 311 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამ 56 122 531 ლარი შეადგინა.
  • აქედან, 71 რეგიონული განვითარების ფონდის პროექტია, რომელთა საერთო ღირებულებაა 27 801 304 ლარი.
  • ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 240 პროექტი  28 321 227 ლარით.  
  • მათ შორის მინდა აღვნიშნო ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრორაიონში 52 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისის  მშენებლობის მიმდინარეობა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული  სამსახურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის გახსნა.
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია.
  • ახალი ლიფტის შახტების მოწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში და
    საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა დმანისში.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 132,4 კმ გზა, საერთო ღირებულებით 29 777 691 ლარი. შესრულებული სამუშაოების შედეგად,  მუნიციპალიტეტების ისეთ სოფლებში დაიგო და რეაბილიტირდა გზა, სადაც ამ დრომდე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

მომავალი თაობებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა და  სრულფასოვანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, როგორც ქვეყნის, ასევე, ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის. შესაბამისად ამ მიმართულების გასაუმჯობესებლად, უკვე ბევრი, წარმატებული პროექტი განხორციელდა. ქვემო ქართლის მასშტაბით, წლის განმავლობაში რეაბილიტირდა 37 საბავშვო ბაღი, საერთო ღირებულებით 4 677 320 ლარი.

მხოლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 2018 წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო 23 ბაღი. აშენდა 1 სააღმზრდელო დაწესებულება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში.  

2018  წელს,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, რეგიონის მასშტაბით ცამეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობები  სრულად რეაბილიტირდა და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

პრიორიტეტულია სპორტული მიმართულებაც. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, 2018 წელს, რეგიონში აშენდა 14 ახალი სპორტული ობიექტი, რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საერთო ღირებულებით 1 053 628 ლარი. რეაბილიტირდა 17 ობიექტი საერთო ღირებულებით 791 411 ლარი.

რუსთავში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია. პროექტის  სრულმა ღირებულებამ დაახლოებით 20 მილიონი ლარი შეადგენა. 6 ჰექტარზე განთავსებულ  აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ადგილზე შესაძლებელია როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.

2018 წელს მუნიციპალიტეტების მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 სკვერს და შეიქმნა კომფორტული გარემო და ახალი დასასვენებელი სივრცეები. ჯამში ამ მიმართულებით 1 719 585 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა.  

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის საკითხი.  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 20 სოფელში,  რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემები, საერთო ღირებულებით 5 893 068 ლარი.

  • 2018 წელს ქალაქ ბოლნისში განხორციელდა  სასმელი წყლის სამი რეზერვუარის სარეაბილიტაციო   სამუშაოები.
  • სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში.
  • 2017 წელს დაიწყო და გრძელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, ახალსოფელი, ახალი სამგორი) 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი.
  • ახალი ჭაბურღილი და სატუმბი სადგური გაიხსნა სოფელ იმირის ტერიტორიაზე, შედეგად, სასმელი წყლით მომარაგდა - 17 სოფელი.
  • წალკაში, წელს ამ მიმართულებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან  დაფინანსდა  დაბა თრიალეთისათვის და სოფელ კავთისთვის წყალსაქაჩი სადგურის, ცენტრალური მაგისტრალისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები.   

წყალმომარაგების სისტემების პარალელურად მიმდინარეობს  „საქართველოს მელიორაციის“ მიერ არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი. სამუშაოებზე  დახარჯა 4 894 245 ლარი.

  • ხორციელდება იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია.  პროექტის განხორციელების შედეგად, 2600 ჰა-ზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.
  • მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე,  „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დასრულდა 25 კმ-იანი, ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია.
  • რაჭისუბანში განხორციელდა  ყოფილი სარწყავი სატუმბო სადგურის და ქსელის აღდგენითი სამუშაოები.  
  • მოპირკეთდა სოფელ კიანეთისა და ჯავშანიანის 3 700 მეტრის მოცულობის  სარწყავი არხი.

რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ადგილობრივი წარმოების განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, საწარმოო პროცესი დაიწყო და გადაიარაღდა რამდენიმე ობიექტი.

პროგრამა "აწარმოე საქართველოში"  ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, ქვემო ქართლში გაცემული სესხის მოცულობა განისაზღვრა 10 508 641 ლარით.  

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის  მიმართულებით დაფინანსდა 61 ბენეფიციარი, ჯამური ღირებულებით 610 000 ლარი და შეიქმნა 170 ახალი სამუშაო ადგილი. 2018 წელს, რეგიონში ფუნქციონირება დაიწყო ოთხმა ახალმა საწარმომ. ორს კი საფუძველი ჩაეყარა.

  • ქალაქ რუსთავში, 2017 წელს ამოქმედდა შპს "ნიუ პლასტიკ ჯი", რომელიც გაფართოვდა 2018 წელს. ადგილზე დასაქმებულია ორმოცი ადამიანი. პროექტი განხორციელდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. ინვესტიციის მოცულობა 1 700 000 ლარს შეადგენს.
  • რუსთავში ფუნქციონირებს, ცემენტის მწარმოებელი შპს „სოლო“. ეს პროექტიც განხორციელდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. ინვესტიციის მოცულობა 2 000 000 ლარია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
  • 2018 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა და უახლოეს მომავალში ამოქმედდება ბიტუმის მწარმოებელ საწარმოს შპს "რუსთავოილს", რომელიც 30 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ინცვესტიციის მოცულობა 2 342 900 ლარია.
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა ავეჯის საწარმო შპს „ჯეო არ პლიუსი“. თანხის საერთო მოცულობა კერძო ინსვეტიციასთან ერთად 600 000 ლარია. დასაქმდა 49 ადამიანი.

რუსთავში სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს ,,გლობალ ენტერპრაიზი“ მარილის მწარმოებებლი საწარმოს მშენებლობას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მარილის ქარხნის მშენებლობა. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებით შეძლებს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლოს საქართველოში იმპორტირებული მარილი. საწარმოში 50 ადგილობრივი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 15 პირი დასაქმდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით გაცემულია 595 პოლისი. დაზღვეულია 4,781,753 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა და 1,992 ჰექტარი მიწის ფართობი.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა და 2019 წელს ამოქმედდება, რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები,  დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში და  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში.  თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.

მიმდინარე  წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო 11 სოფელში.

  • ამ ეტაპზე პროცესი უკვე დასრულებულია 6 სოფელში (დისველში, ტანძიაში, აკაურთაში, ძეძვნარიანში, ფოცხვერიანსა და  იწრიაში).
  • სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს შემდეგ 5 სოფელში:  გეტა, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, მამხუტი და  ხატავეთი.
  • გაზიფიცირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არდისუბანი. უკვე დასრულდა სოფელ წინწყაროს სრული გაზიფიცირების პროცესი. 
  • გაზიფიცირება დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელშიც  ხანჯიგაზლოსა   და კირაჩმუღანლოში.
  • მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი წალკის მუნიციპალიტეტში და დმანისის სოფელ პარატა დმანისსა და ვაკეში.

მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს  ჯანდაცვის მრავალფეროვანი პროგრამები, ამ მიმართულებით რეგიონის მასშტაბით ბიუჯეტში 10 740 566 ლარი იყო გათვალისწინებული. უახლოს მომავალში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივებისთვის.

2018 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონში 121 ეკომიგრანტს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. მათ შორის წალკის მუნიციპალიტეტში 94 ოჯახს, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალტეტში საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე 27 ოჯახი გახდა. მარნეულის მუნიციპალიტეტში ბინა გაეაცა 22 დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი 65 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

ჩვენი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს რათა მაქსიმალურად სწორად იყოს გამოყენებული რეგიონში არსებული ტურუსტული რესურსი.

მოგეხსენებათ, რომ გარდა კულტურული და ისტორიული ძეგლების სიმრავლისა, ქვემო ქართლი გამორჩეულია  კლიმატითა და ბუნებრივი პირობებით, რაც გვაძლებს შესაძლებლობას ადგილზე აგრო, რეკრეაციული, ეკო, ველო, სამთო, სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის ტურიზმი განვავითაროთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ პროექტებს, რომელიც ამ მიმართულებებს განავითარებს.

წელს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა ფორუმი, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ. სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის კონკრეტული ღონისძიებები უკვე ჩატარდა რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს 2019 წელს განსახორციელებელი გეგმების დასახვა.

  • წალკის მუნიციპალიტეტში,  დაიგო დაშბაშის კანიონზე მისასვლელი გზა.
  • ბოლნისში მიმდინარეობს  ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს გაიხსნება.  მუზეუმი  იქნება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც  მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება.
  • მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შვაბების ქუჩის  ე. წ ელიზაბეტტალის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. უკვე დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოხდება ორი სახლის, ლუთერანული ტაძრისა და გერმანული სასაფლაოსთვის ძველი იერ-სახის დაბრუნება.
  • მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათია დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია ჩვენი მხარე და პირველი ევროპელების სამშობლო, დმანისი, დღემდე, საქართველოს ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი საინტერესო ლოკაციაა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტურიზმის განვითარება. 2019 წელს დმანისში, 9 ლოკაციაზე იგეგმება ტურისტულ ობიექტებთან, საპიკნიკე სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა, თანამედროვე სეპტიკებით.
  • 2018 წელს  დაიწყო  სამუშაოები ქ. მარნეულში   ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით,  რომელსაც აფინანსებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
  • მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა მარნეულის მუნიციპალიტეტის იმირის გადაჭრილი გორა, რომელიც ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა    „Archaeology“ 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა. ქართველი და უცხოელი მკვლევარების ერთობლივი მუშაობის შედეგად დადასტურდა, რომ  ველური ვაზი ადამიანმა პირველად სწორედ ამ ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა - აღნიშნული ფაქტი  ძვ. წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა. 2019 წელს იმირის გადაჭრილ გორაზე იგეგმება ძეგლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ძეგლის ერთ სივრცეში მოქცევისთვის ტერიტორიის გადახურვის სამშაოების წარმოება, ასევე დაიწყება  სამუზეუმო კომპლექსის მოწყობის მიზნით საპროექტი დოკუმენტაციის შესყიდვა.

მოხარული ვარ რომ, ქვემო ქართლი გამოირჩევა ნიჭიერი, ღვაწლმოსილი  და დამსახურებული  წარმომადგენლების სიმრავლით - წარმატებული ადამიანებით, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებაში.  

  • ჩვენი ინიციატივით, მიმდინარე წელს, პირველად გამოიცა ქვემო ქართლელი მხატვრების კატალოგი, სადაც ცნობილი ნამუშევრები და ბიოგრაფიული ცნობებია შეტანილი.
  • წელსვე, ასევე ჩვენი ინიციატივით, დაიბეჭდა წიგნი ,,ქვემოქართლელი გულდებულები“, სადაც 90-მდე ადგილობრივი მწერლისა და პოეტის ნაწარმოებია შესული.

მინდა მადლობა  გადავუხადო ამ ადამიანებს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესის შეუქცევადობას.  აქვე, მინდა ავღნიშნო რომ, ქვემო ქართლში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური ღონისძიებები. ვმასპინძლობთ საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და სპორტულ ასპარეზობებს. წარმატებულად ვიღებთ მონაწილეობას ამ მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ აქტივობებში.

  • ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურმა ცენტრმა , მარნეულის მუნიციპალიტეტმა, მესამედ უმასპინძლა ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, გამართულ ფესტივალს. ღონისძიება ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და ქართული ღვინის, ყველის, თაფლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება.
  • ქვემო ქართლში, წელსაც ღირსეულად აღინიშნა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. სპეციალურად ამ დღეს, მარნეულს  სტუმრობდნენ ქვეყნის პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები. ვფიქრობ, რომ დღესასწაული, რომელიც განახლებისა და იმედიანი ხვალინდელი დღის სიმბოლოა, კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს არსებულ მეგობრულ და ტოლერანტულ გარემოს ჩვენს რეგიონში.
  • ქვემო ქართლის რეგიონმა წელს უკვე მეხუთედ, სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე,  საერთაშირისო დონის ფესტივალ ,,ერთიან კავკასიას“  უმასპინძლა.  ფესტივალი აერთიანებს საუკეთესო მუსიკოსებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ირანიდან. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა შემსრულებლები, საკუთარ ქვეყანას და შემოქმედებას, თავისუფალ გარემოში, სწორედ ქვემო ქართლში წარმოაჩენენ, ქმნიან ახალ საერთაშორისო მუსკალურ პროექტებს და ერთობლივი ძალისხმევით, უწყობენ ხელს ჩვენს რეგიონში არსებული მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.  ქვემო ქართლი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ფესტივალს  უმასპინძელებს ღირსეულად.
  • 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა  სახელოვანი ბრძოლის საიუბილეო წლისთავი,  ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და  ძლიერების სიმბოლოდ ქცეული თარიღი - დიდგორობის სახალხო დღესასწაული. მჯერა, რომ მომავალი თაობები, წლების შემდეგაც სიამაყით გაიხსენებენ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მამულიშვილებს, გმირებს, რომლებმაც 9 საუკუნის წინ დიდგორის ველზე  ,,ძლევაი საკვირველი“ იზეიმეს.
  • ეს არის მოკლე მიმოხილვა რეგიონში სფეროების მიხედვით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა - მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლის რწმუნებულის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან, აქტიურად დავიწყე შეხვედრა მოსახლეობასთან და მათთან უშუალო კომუნიკაციის  საფუძველზე, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით, საკმაოდ ბევრი პრობლემა გადავჭერით რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. შეხვედრების პარალელურად, ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა 2019 წლის, რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები, რომელზეც რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ:

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2019 წელს ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგების მიმართულებით გათვალისწინებული თანხა, დაახლოებით 3-ჯერ აღემატება მიმდინარე წლის შესაბამის მონაცემებს და საერთო ჯამში 177 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადად, თანხები გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

  • დაგეგმილი პროექტების ფარგლებში რეგიონში აშენდება 4 ახალი სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამდენივეს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი 15 მილიონი ლარით დააფინანსებს.
  • სკოლებისთვის ასევე გათვალისწინებულია 3,5 მილიონი ლარის სხვადასხვა სახის სამუშაოების განხორციელება. რომელთაც მუნიციპალიტეტების მეშვეობით რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს.
  • 2019 წელს, განვახორციელებთ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას  5, 6, 8 და 10 ათასი ლარის ფარგლებში ადგილზე  განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტის შესახებ. პროგრამისთვის სულ 2, 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
  • მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, რეგიონის მასშტაბით ინფრატსუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 30,5 მილიონი ლარი, ხოლო ადგილობრივიდან - 25 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება.
  • 101,5 მილიონი ლარის ღირებულების, გზის 25 მონაკვეთის მოასფალტდება განხორცილედება გზების დეპარტამენტის დაფინანსებით.
  • მომავალ წელს იგეგმება რუსთავში გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.
  • ქალაქის მარცხენა სანაპიროს გზების, ტროტუარების და ეზოების საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.
  • კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელება, ფასადების მოწესრიგება.
  • 2019 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში დასრულდება ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი, საერთო ჯამში,  ადგილზე მოწესრიგებული იქნება 68 შახტა.
  • გარდაბანში განხორციელდება შიდა გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ მარტყოფში, ღვთაების მონასტერთან მისასვლელი გზის მოასფალტება და ხიდის მოწყობა.
  • დმანისის მუნიციპალიტეტში, ტურისტულ ობიექტებთან, 9 ლოკაციაზე, მოწესრიგდება საპიკნიკე სივრცეები და მოეწყობა სველი წერტილები.
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მოხდება სოფლების ვაშლოვანისა და კოდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ ქესალოში,  მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.
  • სოფელ სადახლოსა და აღმამედლოში, სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტების მეორე ეტაპი.
  • თბილისი - წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობა.
  • დმანისის მუნიციპალიტეტის 13 სოფლის, დაახლოებით 7  745  მაცხოვრებლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ორმოცწყარო-მაშავერას სასმელი წყლის მაგისტრალური სისტემის მოწყობის, 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორიელება,  რაც ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 40%-ია. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ გადაიჭრება 4 ათეული წლის განმავლობაში არსებული პრობლემა.
  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის მნიშვნელოვან პროექტს, რომლის  სავარაუდო ღირებულება შეადგენს 55 მილიონ დოლარს. არსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა. პროექტი ითვალისწინებს მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-გაფართოებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი კოდის წყალმომარაგების სისიტემის მშენებლობას, დაბა თამარისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ქალაქ ბოლნისისთვის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის  რეაბილიტაციასა და წყალარინების ქსელის მშენებლობას. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მომავალ წელს განხორციელდება.

მინდა გაწეული საქმიანობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ არაერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ადგილობრივი მედია-საშუალებების მიმართ, რომლებიც აქტიურად აშუქებენ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს რეგიონის მასშტაბით.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. 2019 წელი კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.


  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი
  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი
  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი
  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი
  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი
  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი
  • ქვემო ქართლის რეგიონი - ანგარიში 2018 წელი