საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
14 დეკემბერი 2021
რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და გარემოსდაცვითი პასუხიამგებლობის შესახებ კანონის აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრა რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქში მოქმედი საწარმოების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით არსებული ვითარების გაუმჯობესება და საწარმოების შესაბამისი ტექნიკური ბაზით აღჭურვა, ქალაქში, ამ ეტაპზე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჭიროებას წარმოადგენს - სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, საწარმოებს დაეკისრათ სანქციებიც, თუმცა კანონის აღსრულების ნაწილში, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს.
,,ჩვენ შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს. ვერ ვიტყვი იმას, რომ უმოქმედობაა მათი მხრიდან - დაახლოებით მარტის თვეში ელოდებიან დანადგარებს, რომელიც მთლიანად გაუწევს კონტროლს ჰაერის დაბინძურებას. ჩვენ ფაქტობრივად გავაკონტროლებთ ყველა საწარმოს, სადაც პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება მათ საქმიანობას, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნესს, რადგან ათასობით ოჯახი არის ამ კომპანიებში დასაქმებული, თუმცა ბიზნესის კეთებაც უნდა შეგვეძლოს ისე, რომ გარემოზე არ მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება.“ - აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საწარმოების ნაწილს, ფილტრაციისთვის და შიდამონიტორინგისთვის საჭირო დანადგარები უკვე შეძენილი აქვს. საწარმოო პროცესის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რუსთავში არსებულ საწარმოებს კონკრეტული ვადები მიეცემათ.
როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქალაქზე, პირველ რიგში, აქ იგულისხმება გარემო, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან. საწარმოებმა უნდა წარმოადგინონ ვადებში გაწერილი გეგმა, თუ რას აპირებენ და რა პერიოდიდან შევძლებთ, რომ რუსთავში სუფთა ჰაერი გვქონდეს. ჩვენ კარგად გვესმის, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, ეს არაა მარტივი პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკურად, როდესაც გარემოსადაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკას შევუქმნათ შესაბამისი პირობები, მაგრამ ასევე შეუვალები და უკომპრომისოები ვიქნებით იმაში, რომ კანონი აღსრულდეს და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას წარმოების მხრიდან.“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონში რუსთავისთვის უმნიშვმელოვანესი ცლილებები შეიტანა. მანამდე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შეიმუშავა. კანონი, ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევიდა.