სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გოხნარი

17 აგვისტო 2017


 გოხნარის  ლოდოვანი ციკლოპური ციხე-ნამოსახლარი მდებარეობს მანგლისის სამხრეთ-დასავლეთით, მდ. ალგეთის გაღმა 10 კმ. მანძილზე, საკრისის მთაზე მდებარე "მარიამჯვარის" გავლით, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. 
მეგალითური სახის ეს სადგომი წარმოადგენს ე.წ. "კარკნალს", რომელიც წარმოიშვა საკრისის მთის ერთი ნაწილის (ანდეზიტის კლდის) ჩამონგრევის შედეგად. მას უკავია 0,25 კვ. კმ. ტერიტორია, რომლის ცენტრში ყოველი მხრიდან გარკვეულად მოჩანს დიდი ზომის სვეტისებრი მონოლითი. ძეგლი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთი ცენტრიდან აღმოსავლეთით "ქვათა-გროვას" ("ქვა-ყრილს") წარმოადგენს ნაპრალ-გვირაბებით; მეორე, ამავე ცენტრიდან დასავლეთით, საკუთრივ ნამოსახლარს და მესამე, ნამოსახლარიდან დასავლეთით, ნაციხარს. 
ნაციხარი გეგმაში წარმოადგენს არასწორი ფორმის ოთხკუთხედს. მისი შიდა ზომებია: ჩრდილოეთი ზღუდისა 17 მ., სამხრეთის 32 მეტრი. მათ შორის საშუალო სიგრძეა 45 მ. ზღუდეების სიგანე საშუალოდ 3 მეტრია. ამოსაშენებლად გამოყენებულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ანდეზიტის კლდის ლოდები. მათგან ერთ-ერთი, აღმოსავლეთის ზღუდის შუაში მდებარე, ემსგავსება წახნაგოვან, საფუძველში სამკუთხედის ფორმის კონტრფორსს. სამხრეთ ზღუდეზე შეიმჩნევა ცილინდრული კოშკები, რომლებიც ამფითეატრად ეშვება სამხრეთისავე მხარეს. 
ნაციხარ-ნამოსახლარის სამივე ნაწილში მიმობნეულია ოთხი ბლინდაჟი ხელოვნურად მოწყობილი შესასვლელებით, ხუთი დოლმენი, ნაპრალ-გვირაბები და სხვადასხვა ზომის სვეტისებრი მონოლითები, აგრეთვე "ერატიპას" ნაშთი. 
ძეგლი მიუდგომელია ყველა მხრიდან, გარდა ჩრდილო-დასავლეთისა, საიდანაც გადიოდა გზა წყლისაკენ და "მარიამჯვარისაკენ" საკრისის მთაზე. 
"გოხნარის" ციხე ნამოსახლარი შემადგენელი ნაწილია საკრისის მთის გარშემო განლაგებული მეგალითური ძეგლების მთელი კომპლექსისა. ის ერთ-ერთი უდიდესი ციკლოპური აღნაგობის ძეგლია, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიაზე. 


  • გოხნარი