სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

16 ივლისი 2020


პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით.

„დღეს აშკარაა, რომ ამ სტაბილიზაციისთვის, მთავრობა და სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტულ სექტორს მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აქტივობები საგრძნობლად გაზრდილია. პრემიერის განცხადებით, ბოლო თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვებმა რადიკალურად მოიმატა.

„როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ. რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აქტივობები აშკარად გაზრდილია, მაგალითად მშენებლობის მიმართულებით. უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, დინამიკურად ვითარდება სოფლის მეურნეობაც და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. პრემიერ-მინისტრმა ლევან დავითაშვილს დაავალა, რთველისა და თხილის სეზონზე, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.

„მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედოს.

„ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური დახმარების პაკეტები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, დღეის მდგომარეობით უკვე 721 ათასმა მოქალაქემ მიიღო“, - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა. შესაბამისი შეღავათებით გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძის და დმანისის მუნიციპალიტეტების 59 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

ამასთან, გურიაში გომის მთაც მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის, შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს.

„ჩვენს 246 000 მოქალაქეს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 000 მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან ერთად დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა - გურიაში გომის მთა ასევე მიიღებს ამ სტატუსს და ამ კუთხით სამართლიანობა აღდგება. გომის მთა ჯერ მიიღებს დასახლებული პუნქტის სტატუსს და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა დენდროლოგიური პარკის შესახებ, რომელიც შეკვეთილში გუშინ გაიხსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად 3 წლის ცილისწამებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა

„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად განხორციელდა და ვხედავთ, თუ რამხელა შრომის შედეგია დღეს ეს პარკი. სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა ბუნების დიდი სიყვარულით და ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი გაიხსნა. ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური, ეს გახლავთ მსოფლიოში უნიკალური პარკი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ.

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღეს, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს ეს უფლებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო და ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, დარჩენილ ერთ გამოცდას მკურნალობის პირობებში ჩააბარებს.

პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები დაძაბულები არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო, ინფექციის მიუხედავად კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთი აბიტურიენტი, გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც უკვე წარჩინებულმა სტუდენტმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა