სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განცხადებები გააკეთა

09 ივლისი 2020


პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განცხადებები გააკეთა

ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად დგამს ფრთხილ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად, გამართა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ხუთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები გაიხსნება.

„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთის მხრივ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მთავრობის, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს, გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად, გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ჩვენს 5 პარტნიორ ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები და მათი მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები იქნება ღია. ეს ეხება პირდაპირ ფრენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს მოლაპარაკებებს ყველა ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში განაგრძობს.

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისათვის. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო, დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები აღდგეს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფ დროში.

„ჩვენ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე. პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმების შესაბამისად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გადაიხედება როგორც მოქალაქეების მგზავრობის პირობები, ასევე უსაფრთხო ქვეყნების სიები. ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, პანდემიის გლობალურად გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. პრემიერის შეფასებით, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამ აკრძალვის მოხსნას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ასევე იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან, გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ კამპანიაზე - "იმოგზაურე საქართველოსთვის", რომელიც შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მთავრობის წევრებს კამპანიაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, პირველ რიგში უნდა მივეხმაროთ დარგს, უნდა მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა და, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყვნენ მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მოახლოებულ რთველის სეზონზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებზე, როგორიც არის „რქაწითელი” და „კახური მწვანე“, რომლის ფასიც 0.80 ლარზე ნაკლები არ იქნება.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალებაც მიღებული აქვს.

„თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყურძენზე - „რქაწითელზე” და „კახურ მწვანეზე“ მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე სწორედ სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხია.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, ქართული მეღვინეობა ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით ეს არის 6 პროცენტი. ეს არის დარგის განვითარებისა და ზრდის ძალიან სერიოზული დინამიკა. ამიტომ, შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, სოციალურ დახმარებას საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებიც მიიღებენ.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა.

„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა არის ის, რომ მივეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან ის საერთოდ დაკარგეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში ფართოვდება და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც ისარგებლებენ.

„თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარებების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი მიწას სახელმწიფოსგან, კომერციულ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში მიიღებენ.

„მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მთავრობისთვის. ჩვენ სულ ახლახან გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამწლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის საკითხი ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით, წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა. ბევრი მოთხოვნა მოდიოდა, როგორც რეგიონებში გასვლის დროს შეხვედრებისას და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ. მეორეს მხრივ ეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განცხადებები გააკეთა