სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

02 ივლისი 2020


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა

პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გადავიდეს დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე.

„ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე და ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა ყველას კარგად გესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და, საბოლოოდ, ეს ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული ღია, გამჭვირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და შესაბამისად, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ 1-ლი ივლისიდან პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალური აგენტებს ხელფასები გაეზარდათ.

„1-ლი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე. გარდა ამისა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ პენსიის გაზრდის და მეორეს მხრივ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც, როგორც შედეგი პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ ყველამ პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ • ევროკავშირი საქართველოს 15 ქვეყანას შორის ასახელებს, რომლებზეც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.

„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, თითოეული მოქალაქის მიღწევაა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით.

„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული, საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით. ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევაა. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენ, ბოლო 5 თვის განმავლობაში, ყველამ ერთად გავიარეთ. საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ, სულ 15 ქვეყანაა მოგეხსენებათ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე.

„ამიტომ, ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს უნდა იყოს ძალიან გონივრული. ამიტომ, ბატონო დავით, თქვენ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეფექტურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღესვე, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, 6 ივლისისთვის უკვე არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, ბილეთების მოქალაქეებისთვის მისაღები ფასებით.

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან. ამიტომ, ორშაბათს, შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე უნდა არსებობდეს კონკრეტული ქალაქებიდან რეისების განრიგი, უახლოეს პერიოდში რომელი ქალაქებიდან დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის მისაღებ ფასად. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ეროვნულ გამოცდებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პროცესში პირბადის მოხსნა შეეძლება. მისივე თქმით, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, საგამოცდო ოთახში კი შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილას, დაჯდეს მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დამცავი ბარიერით, გამოცდის ჩაბარების პროცესში შეეძლება, რომ მოიხსნას პირბადე, რადგან დისტანცია იქნება დაცული. ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და, ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, რათა შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით თათბირი დღეს დილით გაიმართა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მონაწილეობით.

„მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. ეს არის საკითხი, რომელიც ადარდებთ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ მშობლებს. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთან. ეს გახლავთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და შემდგომ აქ უნდა ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღესვე, მთავრობამ წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ენერგეტიკულ ბაზარს ღიას და კონკურენტულს ხდის და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს

„ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზეზით,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღეს განიხილება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ენერგეტიკულ ბაზარს უფრო ღიას და კონკურენტულს გახდის.

„დღეს ჩვენ გამოგვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ღიას, კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს, რომელიც ე.წ. Premium Feel-ის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უფრო კომერციულად მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, რომ მათი ინვესტიციები იყოს ეფექტური, სწრაფი, რაც ქვეყნისთვის უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებაზე ისაუბრა.

„ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და არსებულ დარგებს ყურძნის გადამუშავებაც ემატება. მისივე განცხადებით, ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი მევენახეებისთვის.

„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები. ისეთი, როგორიც არის თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება, დამატებული იქნება ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის, ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი, ჩვენი მევენახეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს, - ცვლილებები, პრემიერ-მინისტრის დაპირების შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამავდროულად, ხელს არ შეუშლის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს.

„პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გავეცით დაპირება, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესახებ და დღეს შესაბამის კანონში ცვლილებებს განათლების სამინისტრო წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში სტუდენტები მიდიან 15 წლიდან. ასე, რომ ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


  • პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა