სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში

27 აგვისტო 2020


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა. აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის ახლად გახსნილი მუზეუმის - რეგიონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კოლექციებს შეემატება და მათი შესწავლა ადგილზე არსებულ ლაბორატორიაში გაგრძელდება.

ძეგლზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა - დავით ლორთქიფანიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, დარგის სპეციალისტებთან ერთად მოინახულეს.

ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.
არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.

მაშავერას გორას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ადგილმდებარეობა. ბორცვი მდებარეობს მდინარე მაშავერას და ხრამის ხერთვისთან, რომელიც მას ჩრდილოეთით ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.

ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე ჯერჯერობით არ ფიქსირდება არცერთი ცალპირა წყობით ნაგები შენობა ან ცალკეული კედელი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით გამოარჩევს აღნიშნულ ძეგლს შულავერ-შომუთეფეს კულტურის სხვა ძეგლებისაგან.

მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ (დ. გოგელიას ხელმძღვანელობით) გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წელს განაახლა. ექსპედიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ჯონი აბულაძე ხელმძღვანელობს.


  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში