ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსში

0
სატბურიმარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებულ სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსს დასათვალიერებლად ესტუმრნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აგრეთვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებასა და საწარმოო პოტენციალის ზრდას.
ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე ააშენა. კომპლექსი მოიცავს მზის და ერთსივრციან სათბურებს და სხვა დამხმარე ნაგებობებს, სულ 7 დიდ და 25 პატარა სათბურს.
ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით მიმდინარეობს ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე და სხვა. აღნიშნულმა ჯგუფმა საქართველოსა და ჩინეთში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ 300-მდე ფერმერისთვის 6 სასწავლო კურსი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა და პროექტის ხარჯთაღრიცხვამ 20 მილიონი იუანი შეადგინა.

Leave A Reply