ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სამოქმედო გეგმის წარდგენა

0

infraსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
გეგმა გულისხმობს მასშტაბური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, ქვეყნაში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და სრული დატვირთვით მუშაობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
სამოქმედო გეგმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს გააცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.
2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. 2 500-მდე პროექტის განხორციელება შექმნის 40 ათას სამუშაო ადგილს.
აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიარდ ლარზე მეტია.

Leave A Reply