ქვემო ქართლში მორაგბეებისთვის ახალი სპორტული ცენტრი გაიხსნა

0

baza

29 სექტემბერს, ფონდი „ქართუს“ რაგბის პროგრამის ფარგლებში, მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით რაგბის მეთექვსმეტე ობიექტის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული კომპლექსია, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფრიანი მოედნები განათებითა და სარწყავი სისტემებით, 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი; ასევე 64-ადგილიანი სასტუმრო სრული ინფრასტრუქტურითა და ჰელიოსისტემით.
გიორგი კვირიკაშვილმა მორაგბეებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები სწორად წარმართავენ თავიანთ ენერგიას და უფრო აქტიურად დაკავდებიან სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. პრემიერმა განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელმაც რაგბის სპორტული ობიექტების მშენებლობისთვის უკვე 100 მილიონი ლარი დახარჯა.
ახალი სპორტული ობიექტის გახნის ცერემონიას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელი პირები.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რაგბის განვითარების პროგრამა გაგრძელდება და სტადიონები და რაგბის ბაზები სხვა ქალაქებშიც აშენდება. მისი თქმით, უფროსი თაობის სახელოვანი მორაგბეებისა და ახალ თაობის ერთიანობა, სახელმწიფოს ზრუნვა და ქველმოქმედების ძალა წარმატების წინაპირობაა.
ფონდი „ქართუს“ რაგბის პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ ვარჯიშისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.
ფონდი „ქართუს რაგბის პროგრამა“ მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია შესული. პროგრამის განხორციელებაზე დახარჯული 100 მლნ ლარი მოხმარდა როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურაის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას.

 

Categories: სპორტი

Leave A Reply