სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის წარდგენა

0

soflis gan16 მარტს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია წარადგინა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას სტრატეგიის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელი გახდება, არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.

პრემიერის განმარტებით, გასული 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც შექმნა სრული საფუძველი სოფლის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამედროვე სოფელი უნდა წარმოადგენდეს სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილ მიზიდულობის ახალ ცენტრს − ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით ისარგებლებენ როგორც სოფლის მცხოვრებლები, ისე სოფელში ჩასული ტურისტები.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ფასეულობა ადამიანია. მას ქალაქად თუ სოფლად ცხოვრების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დიდ სტიმულს მისცემს სოფლად ბიზნესის განვითარებას − სოფლებში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესდება მომსახურების სფეროს სერვისებით სარგებლობა. მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეფექტიან კოორდინაციას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რაც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება.

სოფლის განვითარების სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს − გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს, დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატები, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

 

Leave A Reply