რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გაიხსნა

0

simpoziumi18 აგვისტოს, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გაიხსნა, რომელიც 10 სექტემბერს დაიხურება. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიმპოზიუმის გახსნა მიულოცეს რეგიონის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში და კერძოდ, რუსთავში, ბოლო პერიოდში წარმატებული კულტურული ღონისძიებების სიმრავლესა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების აქტიურობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ცხრა ქართველი მოქანდაკე: ვალერი ჯიქია, იროდიონ გველესიანი, სანდრო ფოფხაძე, მალხაზ ჩალაძე, მალხაზ ცისკაძე, გენო ბაქარაია, ვანო გულერდავა, გიორგი ჭანკოტაძე და ზაქარია გულისაშვილი. ღონისძიების მიმდინარეობისას ცხრა სკულპტურული ნამუშევარი შეიქმნება და ყველა სკულპტურა რუსთავის ქუჩებში განთავსდება, გამოიცემა აგრეთვე მათი კატალოგიც.
აღსანიშნავია, რომ მოქანდაკეთა სიმპოზიუმი, რომელსაც რუსთავში წელს პირველად მასპინძლობს, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულამდე გაიმართება.
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავის მერიისა და ა(ა)იპ ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიხსნა.

Leave A Reply