რუსთავის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტური სტანდარტები ინერგება

0

bagiiრუსთავის №6 და №40 საბავშვო ბაგა-ბაღებში დასრულდა პროექტის − „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6, №40, №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ − პირველი და მეორე ეტაპებით გათვალისწინებული ენერგოეფექტური რეაბილიტაციის სამუშაოები.
21 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, მერის მოადგილეებმა ნოდარ შეროზიამ და დავით ლობჟანიძემ რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი ააიპ „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელ კარინა მელიქიძესთან ერთად დაათვალიერეს. სტუმრები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ორივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო, ახალი ელექტროტექნიკური სისტემები და ენერგოეფექტური ფანჯრები. მეორე ეტაპზე კი, ორივე შენობის კედლები, სახურავი და სარდაფის ჭერი მინერალური ბამბით დაათბუნეს.
პროექტი ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა“ (SDAP) განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის შედეგად ნახშირორჟანგის ემისია №6 საბავშვო ბაღში წელიწადში 35.42, ხოლო №40 საბავშვო ბაღში 110.68 ტონით შემცირდება. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დაზოგვის მაჩვენებელი №6 საბავშვო ბაღში წელიწადში 188 085, №40 ბაღში კი 575 727 კვტ.სთ იქნება. 808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს.
პროექტით გათვალისწინებული მესამე, №41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
2011 წელს, ქალაქი რუსთავი შეუერთდა ევროპის საერთო ხედვას − ხელი მოაწერა „მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას და იტვირთა ვალდებულება, რომლის თანახმადაც, 2020 წლისთვის ქალაქის ტერიტორიაზე CO2-ის გამოფრქვევა 20 პროცენტით უნდა შემცირდეს.

Leave A Reply