მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრი „ლოგომედი“ ბოლნისში

0

11169841_1641177229438864_3942977107395929645_nუკვე თითქმის ორი თვეა, ყოველ კვირას, ქვემო ქართლში – რუსთავსა და რეგიონის სხვადასხვა რაიონში მიმდინარეობს უფასო სამედიცინო გამოკვლევები.  სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფასო გასინჯვა-დიაგნოსტირების აქციის ლოკაციის ადგილი ამჯერად  ბოლნისი იყო.

აქციის პროცესს პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„ლოგომედის“ ხელმძღვანელის ეკატერინე ჭავჭავაძის განცხადებით, უფასო სამედიცინო აქცის ფარგლებში, 26 აპრილს  სპეციალისტთა ჯგუფი მოემსახურა 80-მდე მოზარდს. დღის განმავლობაში მიმდინარე კვლევის შედეგად პაციენტთა შორის გამოვლინდა მართლმეტყველების დარღვევებისა და ლოგონევროზების სიმპტომატიკა.

როგორც სამედიცინო აქციის დასასრულს მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, უახლოეს მომავალში ბოლნისში ამოქმედდება სამედიცინო კაბინეტი, სადაც შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტების კვლევას   მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

„ლოგომედის“ სპეციალისტებმა აღნიშნული კატეგორიის კონტინგენტის უფასო სამედიცინო კვლევა უკვე განახორციელეს რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის და დმანისის მუნიციპალიტეტებში. წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს კი მომავალი თვის ბოლოს ესტუმრებიან.

 

Leave A Reply