მანგლისსა და წალკას ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოემსახურება

0

15965175_1853454321544486_8430550984291745583_nშპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მანგლისისა და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დახურა. წალკისა და მანგლისის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოეწყო.

შესრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

წალკისა და მანგლისის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წელს გადაეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარიული ზედამხედველობა პოლიგონებზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელები ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მანგლისისა და წალკის ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დახურა და აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ თონეთში, მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომლის მეშვეობითაც მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდ კონტეინერში ჩაიტვირთება და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულად გადაიტანენ მარნეულის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. გადამტვირთი სადგურები აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

მანგლისისა და წალკის არსებული ნაგავსაყრელების დახურვისა და მათთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 427 933 ლარით დაფინანსდა.

დღესვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ქვემო ქართლის რეგიონს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი მანქანები გადასცა. მანქანები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონს საერთო ჯამში 17 ნაგავმზიდი მანქანა გადაეცემა.

Leave A Reply