ეკონომიკური ფორუმი რუსთავში

0

forumi„რუსთავქალაქობა 2016“-ის ფარგლებში და მერიის ორგანიზებით, 16 სექტემბერს რუსთავში ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

ფორუმი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გახსნეს.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიზნესსექტორისა და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების: პანევეჟისის, აკმეს, პლოცკის, ხმელნიცკის, კაუაიანისა და ივანო-ფრანკოვოს დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ლიტვის ქალაქ პანევეჟისის წარმომადგენლებმა ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოცდილება გაუზიარეს, ქალაქ ხმელნიცკის ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა ვლადიმერ ბროვკომ კი რუსთაველ ბიზნესმენებს ხმელნიცკის ადგილობრივი ბიზნესის მიღწევები გააცნო.

პრეზენტაცია თემაზე – „ქალაქ რუსთავის საინვესტიციო გარემო“, სტუმრებს წარუდგინა რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან კავთიაშვილმა.

რუსთავის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქალაქ პანევეჟისის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

16 სექტემბერსვე, ფორუმის მონაწილეები ეწვივნენ „საერთაშორისო სკაუტურ ცენტრ რუსთავს“, აგრეთვე საწარმოებს: „ჯი არ სი“-სა და „ეი ჯი ტელეკომს“, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში გაიხსნა. მოგვიანებით ფორუმის მონაწილეები რუსთავის იუსტიციის სახლის სერვისებს გაეცნენ.

Leave A Reply