გენდერული კონფერენცია − „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“

0

17353257_1324001687658560_8114323466121141298_n17 მარტს, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“. ღონისძიება საქართველოს მოქალაქეების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების იმ ინიციატივებს მოიცავდა, რომლებმაც ქვეყნის სამ რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და მამაკაცებს ეკონომიკური და სამოქალაქო აქტივობის და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საშუალება მისცა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რეგიონში მცხოვრებ ქალთა აქტიურობასა და მათ მიერ ინიცირებული აქტივობების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

კონფერენციის მონაწილე ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა − „ქალთა ოთახების“ მენეჯერებმა, სოფლის რწმუნებულებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რეგიონებში მცხოვრებლებმა − აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს მოტივაციის წყაროებზე, კონკრეტულ მაგალითებსა და უკვე ხელშესახებ მიღწევებზე თანასწორი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავალფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძისა და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარიული საწარმოს პროდუქცია, ბიზნესსაკონსულტაციო ფირმები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ასოციაცია… გამოფენილი იყო აგრეთვე ფოტოკონკურსის ფინალისტთა ნამუშევრები.

Leave A Reply