გარდაბანში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო მოქმედებს

0

sabuti7 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა – „შპს ჯეოარ პლიუსი“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა კვარაცხელიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
2016 წელს გახსნილ საწარმოში 12 ადგილობრივი დასაქმდა. ამ ეტაპზე სასათბურე მეურნეობაში წლიურად 40-50 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ, ხოლო პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ.
კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 78 670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 52 121 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 26 549 აშშ დოლარი კი ბენეფიციარის პირადი ინვესტიციაა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შესაქმნელად, ისე უკვე არსებულის გასაფართოებლად. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Leave A Reply