ბოლნისში ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

0

muzeumi15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის მუზეუმის ახალ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილზე გაიმართა მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაციაც. ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპეციალისტები ჩაატარებენ გარემოპირობების მონიტორინგს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით; შენობა ადაპტირებული იქნება კოლექციების მისაღებად; მუზეუმის აღჭურვის შემდეგ მომზადდება ექსპონატები ინსტალაციისთვის.
ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დმანისის, არუხლოს და საყდრისის მდიდარი ვიზუალური მასალა-არტეფაქტები.
ბოლნისის მუზეუმი გახდება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელშიც გაიმართება გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.
ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია მუშავდება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო თემების კურატორები არიან როგორც ქართველი, ისე გერმანელი მეცნიერები.
2015 წლის დასაწყისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ბოლნისში ახალი მუზეუმის შექმნის კონცეფცია.
2015 წლის ზაფხულში გამოცხადდა კონკურსი ბოლნისის ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე. კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ „არქიტექტორები.ჯი“. არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. 2016 წლის მაისში დაიწყო მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერ ლინა ლოპესთან ერთად, რომელიც მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ ინსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ჯგუფი მუშაობდა სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე.
ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების ხარჯები სრულად დაფარა RMG Gold-მა. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას.

Leave A Reply