ახალი ინვენტარი ქვემო ქართლის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრს

0

12376629_1739890866234166_7525564418230179271_nქვემო ქართლის რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა და მედპერსონალს ახალი მოწყობილობების გამოყენებისთვის  სპეციალური სწავლება ჩაუტარდა.

რუსთავის სასწრაფო დახმარების სამსახურში ინვენტარის გადაცემისა და ტრენინგის  პროცესს ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია.

კომპიუტერული მოწყობილობების მეშვეობით რაიონულ სამსახურებში ჩაირთვება ცენტრის ელექტრონული პროგრამაც, რომელშიც აღირიცხება თანამშრომლების მორიგეობის გრაფიკი და სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი ოცამდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ინვენტარით აღჭურვა მიმდინარე წლის 9 მარტიდან დაიწყო. სამედიცინო მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.

Leave A Reply